,,ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო“ – დედის სასტიკი მკვლელობა და უცნობი ფაქტები

0
777

,,ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო“ – დედის სასტიკი მკვლელობა და უცნობი ფაქტები

თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლები პანიკამ მოიცვა – მიზეზი დაახლოებით სამი კვირის წინ მომხდარი უსასტიკესი მკვლელობაა. როცა (გამოძიების ინფორმაციით) 18 წლის გოგომ არასრულწლოვანი მეგობრისა და 23 წლის მეგობარი მამაკაცის დახმარებით, გამზრდელი დედა, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, შემდეგ გვამი დანით დაანაწევრა და ნაგავსაყრელზე დაწვა.

შს სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, მკვლელობა 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილსა და ლუბა ყოჩიაშვილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება.

როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა, ლოგინადჩავარდნილი მოხუცი, ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს.

ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, 23 წლის ბექა შენგელიას მიერ ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

შს სამინრო სასტიკ მკველობას რელიგიურ რიტუალად აფასებს, თუმცა “ნიუპოსტი” წყაროზე დაყრდნობით ჯერ კიდევ გუშინ წერდა, რომ გამოძიება კანიბალიზმის ვერსიაზეც აქტიურად მუშაობს. ამ ვარაუდს კიდევ უფრო ის ამყარებს, რომ მკვლელობა კანიბალიზმის ნიშნებს შეიცავს.

როგორ დაუჯერებლადაც უნდა ჟღერდეს “ნიუპოსტისთვის” არაოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ დაკავებულებმა სამართალდამცავებთან დეტალურად გაიხსენეს შემზარავი ფაქტი. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები უტიფრად ჰყვებიან, თუ როგორ მოაჭრეს ქალს თავი და იატაკზე აგორავეს, შინაგანი ორგანოები კი მოხარშეს და შეჭამეს. ცნობისთვის, მედიამ გუშინვე დააფიქსირა, თუ როგორ მიიტანეს საგამოძიებო ორგანოში დალუქულ მდგომარეობაში სამზარეულოს ნივთები.

იყო თუ არა 18 წლის ახალგაზრდა სექტის წევრი – ამაზე ალბათ გამოძიება გასცემს პასუხს, თუმცა ასევე ჩვენი ინფორმაციით, მარიამ ყოჩიაშვილის შეყვარებული, 23 წლის ბექა შენგელიაა, სექტანტური დაჯგუფების ერთ-ერთი ხელმძღვანელია. მკვლელობაში ბრალდებულთა შორის კიდევ ერთი გოგონაა, ნინა ჩ. რომელიც სოციალურ ქსელში nina gothess სახელითაა ნობილი.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ შემზარავი ფაქტის შემდეგ თბილისის რამდენიმე უბანში და გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდამცავთა აქტიური პატრულირება შეინიშნება.

როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივები უყვებიან, გვიან საღამოს რამდენიმე ახალგაზრდა გააჩერეს და საბუთები მოთხოვეს. მოსახლეობა შს სამინისტროსგან დამნაშავეთა წრის ბოლომდე გამოვლენას მოითხოვს.

,,ნიუპოსტმა“ ყოჩიაშვილების ოჯახის შესახებ რამდენიმე დეტალი შეიტყო.

“ამ უბანში დავბერდი და მსგავსი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის შესახებ პირველად გავიგე. თუ სექტაა, მაშინ ამ ავაზაკებს მიმდევრები ეყოლებათ, ამიტომ ბავშვებს ქუჩაში გასვლა ავუკრძალეთ… როგორ გაიმეტა გამზრდელი დედა, რომელიც ცივ ნიავს არ აკარებდა ასეთი სისასტიკისთვის. დაუცველობის გრძნობა გვაქვს, კარგია რომ პატრულირებენ, თუმცა გამოძიება ბოლომდე უნდა წარიმართოს”- აცხადებს ლუბა ყოჩიაშვილის მეზობელი, რომელიც ვინაობის გამხელას მოერიდა.

ჩვენი რესპოდენტი, აცხადებს, რომ ყოჩიაშვილები ბუნებით მშვიდი პიროვნებები იყვნენ და მათი სახლიდან ხმაური თითქმის არასდროს გამოდიოდა, ყველაფერი კი ორი წლის წინ შეიცვალა, როცა გოგონამ გამოაცხადა რომ სკოლაში სიარული აღარ უნდოდა და ჭრელი სამოსი შავით ჩაანაცვლა.

“ოჯახს წლების წინ დიდი ტრაგედია აქვს გადატანილი, 22 წლის გოგონა მძიმე ავადმყოფობით გარდაეცვალათ, შუახნის ცოლ-ქმარმა შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბავშვი აიყვანა, რომელსაც გარდაცვლილი შვილის სახელი ირმა დაარქვეს. ყველაფერი კარგად მიდიოდა, გოგონა იზრდებოდა, კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდა, სკოლაში ლუბას მიჰყავდა და უკანაც დედას გამოჰყავდა. ხელიხელ ჩაკიდებულები ხშირად გვინახავს. ზოგადად დიდი ურთიერთობების მოყვარული არც ლუბა იყო, ზრდილობიანი არისტოკტრატი ქალი იყო, მოგვესალმებოდა და ბავშვი სახლში აჰყავდა, სიმართლე გითხრათ, გარეთ იშვიათად ვხედავდით. ყველაფერი ორი წლის წინ შეიცვალა, როცა ამ გოგომ სხეულზე ტატუ გაიკეთა, თავი გადაიპარსა და გვიან დაიწყო სახლში მოსვლა. დედ-მამა 80 წელს მიტანებულები არიან და ალბათ აბუჩად იგდებდა. მეზობლები იხსენებდნენ, რომ მამა ხშირად ეჩხუბებოდა მისი უცნაური საქციელის გამო… ალბათ მასაც მოკლავდა, კაცი რომ სამსახურში არ ყოფილიყო. ყველას გაგვიკვირდა, რომ გავიგეთ ლუბა დაიკარგაო, გაგებული გვქონდა, რომ მძიმე ოპერაცია ჰქონდა გადატანილი და ლოგინიდან საერთოდ ვერ დგებოდა. ქმარსაც უკვირდა, ტელეფონზე უსაუბრიათ მკვლელობის დღეს… როგორც ხდება განცხადება გაუკეთებიათ პოლიციაში, სამართალდამცავებს სათვალთვალო კამერები შეუმოწმებით , რითაც დაადგინეს, რომ ლუბას ტერიტორია არ დაუტოვებია, მერე ეს გოგო დაიბარეს, ამბობენ პირველივე დაკითხვაზე აღიარა ყველაფერი და თანამონაწილეებიც დაასახელაო” – აცხადებს მოკლულის მეზობელი.

ქალბატონი ჩვენთან საუბრისას კანიბალიზმის საკითხსაც შეეხო.

“შვილო რა არის გასაკვირი? დედას რომ მოკლავ და დაწვავ არ ხარ ნორმალური… მე მაინც სექსტა მგონია რაღაც, ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ” – აცხადებს “ნიუპოსტის” რესპონდენტი.

ჩვენ ქალბატონს დაკავებულების ფოტოებიც ვანახეთ, თუმცა თქვა, რომ მათი ამოცნობა გაუჭირდება.

“ბოლოს თვითონ მარიამსაც ვეღარ ვცნობდით, ტატუ სახეზეც კი ჰქონდა და იმიჯს ხშირად იცვლიდა… რაც შემიძლია გითხრათ, აქ ახლოს პარკია და იქ გვიან ყველას უნახავს ეს გოგო თავის მეგობრებთან, როგორ ყვიროდნენ და ალკოჰოლს სვამდნენ”- უთხრა “ნიუპოსტს” ადგილობრივმა.

როგორც ცნობილია, საგამოძიებო უწყება საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით დღესვე მიმართავს.

გამოძიება, 76 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის შვილის, 23 წლის მამაკაცისა და არასრულწლოვანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

დავით ჯაბაშვილი – “ნიუპოსტი”

LEAVE A REPLY