სისხლიანი ანგარიშსწორება საბურთალოზე – ვინ და რატომ დაჭრა პრეზიდენტის სიძე?

0
481

სისხლიანი ანგარიშსწორება საბურთალოზე – ვინ და რატომ დაჭრა პრეზიდენტის სიძე?

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოს 3-4 დღეში დატოვებენ.

როგორც დაშავებულების მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დრისთვის ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მედიკოსის ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძესთან და მის მეგობართან სამართალდამცველები ჯერ არ მისულან.

მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი გუშინ გვიან ღამით ბალანჩივაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

გოგოჭურს ცეცლნასროლი ჭრილობა ფეხის არეში აღენიშნება, მისი მეგობარი კი მხარშია დაჭრილი.

შემთხვევის თვითმხილველთა თქმით, ადგილზე რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

როგორც ირკვევა, გოგოჭურის მეგობარი მიხეილ თათრიშვილი ბალანჩივაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, დაჭრას წინ, დაპირისპირება უძღოდა.

“სროლის ხმა საღამოს დაახლოებით 21:00 საათზე გავიგეთ, ზედიზედ რამდენჯერმე გაისროლეს. თავიდან ეს ხმა სადღესასწაულო ფოიერვერკებს მივამსგავსე აღმოჩნდა რომ ადამიანი დაჭრეს”- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სროლის შედეგად შემთხვევის ადგილზე მდგარი ავტომობილები დაზიანდა. მათი მფლობელები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

“ადგილზე პოლიცია მუშაობდა, ერთადერთი რაც გვითხრეს იყო ის რომ ტყვია მანქანასაც მოხვდა. იმედია კონპენსაცია იქნება. როგორც ვიცი პრეზიდენტის სიძე თვითონ დაზარალებულია, შესაბამისად, ვინც ესროდა პრეტენზიაც მისი მისამართით გვექნება”- აღნიშნა ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელმა.

“ორივე პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე მათგანს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეთ. პალატაში იმყოფებიან და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. საფრთხე არც ერთის სიცოცხლეს არ ემუქრება”- აღნიშნა მკურნალმა ექიმმა.

თუ რა მდგომარეობაში შეიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი ნიკოლოზ კვაჭაძემ ამის შესახებ კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპით, განცხადება არ გააკეთა.

“სტანდარტულად უტარდებათ მკურნალობა, სამართალდამცავები ჯერ-ჯერობით არ მოსულან”- აცხადებს მედიკოსი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის სიძისა და მისი მეგობრის დაჭრის საქმეზე შს სამინისტროს არავინ დაუკავებია.

უცნობია სისხლიანი დაპირისპირების მოტივი და მიზეზიც.

როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

LEAVE A REPLY