რა მოხდა ბათუმში – რას ჰყვებიან გარდაცვლილი გიორგისა და ზვიადის მეგობრები – exclusive

0
82

რა მოხდა ბათუმში – რას ჰყვებიან გარდაცვლილი გიორგისა და ზვიადის მეგობრები – exclusive

8 აგვისტოს ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. გიორგი ხაჭაპურიძე და ზვიად სალთხუციშვილი ბათუმში დასასვენებლად იყვნენ. ოჯახი მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. ბათუმში ჩასულ მშობლებს შვილები გარდაცვლილები დახვდათ. შემთხვევის რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ გარდაიცვალნენ. მეორე ვერსიით, სხეულზე ორივეს დაზიანებები აღენიშნება.

გიორგი ხაჭაპურიძე მომღერალი გახლდათ. აი, რას ჰყვება მასზე მისი მეგობარი ინგა სიორიძე:
– გიორგისთან ვმეგობრობდი. ძალიან მოწესრიგებული ბიჭი იყო. ძალიან მაღიზიანებს, როცა ნარკოტიკული ნივთიერებით გარდაცვალების ვერსიას განიხილავენ. სიგარეტსაც კი არ ეწეოდა. დღეში შეიძლება სამი ღერი სიგარეტი მოეწია. სასმელსაც კი არ სვამდა. ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა, პერიოდულად ვარჯიშობდა კიდეც. ერთ პროცენტსაც კი ვერ დავუშვებ ნარკოტიკის ვერსიას. ისე უყვარდა საკუთარი თავი, სისულელეა ამ ვერსიის განხილვა. ზვიადის მშობლებისგან ვიცი, რომ კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი და სახლის მეპატრონეს სხვა გასაღები სთხოვეს, რომ გაეღოთ. ესეც ძალიან საეჭვო გარემოებაა. მე კარგად ვიცნობდი გიორგის, ძალიან გულმავიწყი იყო, სად რას დადებდა, აღარ ახსოვდა. ამიტომ ბინის გასაღებს ყოველთვის კარში ტოვებდა. ამას მისი ოჯახის წევრებიც დაადასტურებენ. საინტერესოა, რატომ გამოიღო გასაღები გიორგიმ კარიდან და სად არის აღნიშნული გასაღები, რატომ გაქრა?
– გიორგი და ზვიადი მეგობრები იყვნენ?
– კი, ნამდვილი მეგობრები, ყოველგვარი ქვენა ფიქრების გამორიცხვით.
– როდის ჩავიდნენ ბიჭები ბათუმში?
– 3-ში ჩავიდნენ. 4-ში მიმოწერა მქონდა გიორგისთან „ფეისბუკით“. მითხრა, რომ კარგად ისვენებდა, მალე დაბრუნდებოდა და კვლავ შეუდგებოდა მუშაობას კარიერისთვის. 5 აგვისტოს ზვიადს „ლაივიც“ ჰქონდა ჩართული და მის მერე მათი კვალი ქრება.
– 26 ივლისს გიორგის სოციალურ ქსელში პოსტი ჰქონდა გამოქვეყნებული, წერდა, რომ აშანტაჟებდნენ. ამის შესახებ თუ უსაუბრია თქვენთან?
– ამ სტატუსში კომენტარიც დავწერე. როცა შოუბიზნესში ხარ, მტერიც ბევრი გყავს, ეს ჩვეულებრივად მივიღე, ამაზე კონკრეტულად არ უსაუბრია. გიორგი თავის ფიქრებს ხმამაღლა წერდა. მე რომ მცოდნოდა, საფრთხე რეალური იყო, რასაკვირველია, ამბავს ავტეხდი. გიორგი იმდენად მიყვარდა, ამას არ გავატარებდი.
– შესაძლოა, ეს სტატუსი საკუთარი თავის პიარისთვის, ყურადღების მისაქცევად დაეწერა?
– ვერ გეტყვით. გიორგის ძალიან კარგად გამოსდიოდა საკუთარი თავის პიარი. მისი ფეისბუკგვერდი ძალიან ცოცხალი იყო, ყოველ ნაბიჯს ასაჯაროებდა. მაგრამ მგონია, რომ ამ თემას პიარისთვის არ გამოიყენებდა.
– თქვენ რა ვერსიას განიხილავთ ამ ეტაპზე?
– წამლის ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავ. დანარჩენი არ ვიცი.
– ზვიადზე რა შეგიძლიათ, მითხრათ?
– ერთი სიფრიფანა, უწყინარი, მოდელი ბიჭი იყო. უკონფლიქტო, საყვარელი, ღრუბლებში დაფრინავდა.

ია დოლიძე, სამოდელო სააგენტო „პრაიმ მოდელ მენეჯმენტის“ ხელმძღვანელი:
– ზვიადი ჩვენი მოდელი იყო. ძალიან პატარა, 13 წლის მოვიდა ჩვენთან. რამდენიმე წელი იარა. მის მერე ვმეგობრობდით. ხშირად შემოგვივლიდა ხოლმე. ძალიან კარგი ბავშვი იყო. ნახევარი წელია, არ მინახავს. ერთი თვის წინ ვესაუბრე. განსაკუთრებული არაფერი შემინიშნავს.

მარკუს მეტრეველი:
– უკვე  მრავალი წელია, სამოდელო სააგენტო „პრაიმ მოდელ მენეჯმენტში“ვმუშაობ. დეფილეს  პედაგოგი გახლავართ. მისვლისთანავე დამხვდა მოდელი ზვიო ამ სააგენტოში და მაშინვე მომხვდა თვალში. იყო ძალიან პოზიტიური, უკონფლიქტო,  გამორჩეული ხასიათის ადამიანი. რასაკვირველია, ჰქონდა განსხვავებული მოსაზრებები ცხოვრებასთან დაკავშირებით. არ ჰგავდა ყველას. ჩემთან მიმართებაში იყო ძალიან მეგობრული და ძალიან გული დამწყდა, ეს  საშინელი ფაქტი რომ გავიგე. წარმოუდგენელია, რატომ შეიძლება ასეთი ადამიანი გაიმეტო სიკვდილისთვის, რომელიც არავის არაფერს უშავებდა. ის ინდივიდი იყო, ყველას არ ჰგავდა? ეს ტრაგედიაა… ხშირად უსვამდნენ ხაზს მის განსხვავებულ იმიჯს, მის ცხოვრების სტილს. მაგრამ  ეს არავითარ  საფუძველს  არ იძლევა, რომ ვინმეს  სიცოცხლე მოუსწრაფო. მინდა მივუსამძიმრო მის  ოჯახს, ძალიან ვწუხვარ.
– მეგობრები ჰყავდა თუ ჩაკეტილი იყო?
– ჩემი  გადმოსახედიდან ის იყო ძალიან ჩაკეტილი ადამიანი და  გულჩათხრობილი, რადგან ის თავის  ადგილს ვერ პოულობდა აქ, ამ ქვეყანაში. ეს ყველას დანაშაულია. არ შეიძლება განსხვავებულობის გამო გამუდმებით ცინიზმისა და ქილიკის ქვეშ ექცეოდე. მოვუწოდებ ყველას, რომ იყვნენ უფრო ლმობიერები და ღმერთთან ახლოს, ყველას თავისი ჯვარი აქვს საზიდი ამ ცხოვრებაში.

LEAVE A REPLY