რა მდგომარეობაშია ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე უმძიმესი ავარიისა და 25-დღიანი კომის შემდეგ

რა მდგომარეობაშია ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე უმძიმესი ავარიისა და 25-დღიანი კომის შემდეგ

გორის “დილას” ფეხბურთელის გიორგითექთურმანიძის ავარიის შესახებ რამდენიმე თვის წინ მთელმა საქართველომ შეიტყო. 7 ივნისს, მეუღლისთვის სიურპრიზის მოსაწყობად, გიორგი ბათუმში გაემგზავრა, მაგრამ ლანჩხუთში უმძიმეს ავარიაში მოხვდა. ფეხბურთელი 25 დღე კომაში იყო, თუმცა ქართველმა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. AMBEBI.GE ფეხბურთელის მეუღლეს, მომღერალ ანი ღონღაძეს დაუკავშირდა და გიორგის ამჟამინდელი მდგომარეობით დაინტერესდა.

– გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებულია, ვიდრე ცოტა ხნის წინ იყო. თუმცა, საბოლოო შედეგამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. ბოლომდე არაა გახსნილი მარჯვენა კიდურები.

– რას იხსენებს შემთხვევის შესახებ?
– თვითონ ავარიის მომენტი საერთოდ არ ახსოვს. გიორგი 25 დღე იყო კომაში, ლაპარაკი უჭირს, მეტყველებას რაც შეეხება, ჯერ კიდევ უჭირს სიტყვების მოძებნა.

– როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ამ შემთხვევის შემდეგ?
– ჩვენი ცხოვრება რა თქმა უნდა, რადიკალურად შეიცვალა. ამ შემთხვევამდე ორივეს გვქონდა ჩვენი საქმე. ეხლა არ ვიცით, რა როგორ განვითარდება. მთლიანად გიორგის რეჟიმზე ვართ და მისი გამოჯანმრთელებისკენ მიმართული. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ასეთი მძიმე პერიოდის მერე, რა თქმა უნდა, ყველაფერს სხვანაირად უყურებ ადამიანი და ხვდები, რომ მთავარი ჯანმრთელობაა და ისედაც ყველაფრის მიმართ გეცვლება შეხედულებები.

– რამდენი ოპერაცია ჩაუტარდა?
– ოპერაცია არცერთი არ გაკეთებულა. თავში ისეთ არეში იყო ჩაქცევები, რომ თვითონ უნდა გაწოვილიყო.
– გააგრძელებს თუ არა ფეხბურთის თამაშს?
– ფეხბურთის თამაშზე ჯერ ძალიან ადრეა საუბარი. უკვე გაიარა რეაბილიტაციის რამდენიმე კურსი და ახლაც გადის. გარკვეული პერიოდის მერე წავალთ გერმანიაში. ალბათ იქ გაკეთდება საბოლოო დასკვნა გიორგის ჯანმრთელობის შესახებ. თვითონ ყოველდღიურად სვამს კითხვას – შევძლებ თუ არა ფეხბურთის თამაშს? რა თქმა უნდა, ეს მისი საყვარელი საქმეა და თვითონაც და ყველანი ბედნიერები ვიქნებით თუ ასე კარგად განვითარდება მოვლენები, თუმცა დღეს ამაზე პასუხის გაცემა რთულია…

– რა დაგეხმარათ ამ მძიმე პერიოდის გადატანაში?
– ეს ისეთი მძიმე პერიოდი იყო, ამ ტკივილის გადატანაში ვერაფერი, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი მედგა გვერდით და წუთითაც არ მტოვებდნენ. მთელი გულით განიცდიდა ყველა ჩვენს ამბავს. ოჯახის წევრები, მეგობრები, უცნობი ადამიანები ყველა გვერდში დაგვიდგა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ამ ადამიანს და ასევე ღუდუშაურის ექიმებს, რომლებმაც პირველ მძიმე დღეებში ყველაფერი გააკეთეს გიორგის გადასარჩენად. ამდენ ადამიანს რომ ხედავ შენ გვერდით, სტიმული გეძლევა. სულ ვუმეორებ ჩემს თავს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გიორგი ისევ ისეთი იყოს, როგორც ავარიამდე.

თამარ ბოჭორიშვილი

LEAVE A REPLY