„პირველი ერთი კვირა ყოველ დღე ვტიროდი ტკივილისგან…. დღეს ჩვენი სენდვიჩებით ნაშოვნი ფულით სახლს ვიქირავებთ“ – ემოციური წერილი საფრანგეთიდან

0
1186
„პირველი ერთი კვირა ყოველ დღე ვტიროდი ტკივილისგან…. დღეს ჩვენი სენდვიჩებით ნაშოვნი ფულით სახლს ვიქირავებთ“ – ემოციური წერილი საფრანგეთიდან

ოცნებები მიზნებად უნდა აქციოო, მითხრა ერთმა… ჩვენ ჩვენი სამშობლო მივატოვეთ და აქ ვართ, რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს? სწავლის გამო იქნება ეს თუ სამსახურის. საქართველოში ყველას გონია რომ სამოთხეში ვცხოვრობთ. დილას კრუასანებით და ფორთოხლის დაწურული წვენით ვიწყებთ, შემდეგ ფანჯრიდან ეიფელის კოშკს გადავხედავთ და კმაყოფილი სახით ფუმფულა ლოგინში შევბრუნდებით. როგორ შემიძლია მე მათ დავუმტკიცო, რომ აქ სამოთხე არ არსებობს. არ არსებობს. არ არსებობს !
საფრანგეთში სამსახურის შოვნა არ არის მარტივი, ამიტომ დათომ რომ იპოვა რაღაც, ძალიან გაგვიხარდა. არც ისეთი ცუდი სამსახური ჩანს. რესტორანი და საცხობი გაერთიანებულია, სადაც კრუასანებს, სენდვიჩებს, სალათებსა და სახვადასხვა დესერტებს ყიდიან. დათო ამ ყველაფერს ალაგებს თაროებზე და თან ხალხს ემსახურება. თეთრი საროჩკა აცვია თავისი ჰალსტუხით და სხვათაშორის ძალიან უხდება. ერთ კვირაში სთხოვეს, ვინმეს ხომ არ იცნობ სენდვიჩების გაკეთებაში, რომ დაგვეხმაროს სამზარეულოშიო, ასე აღმოვჩნდი მეც აქ. დღეში სულ მცირე 300 სენდვიჩს ვაკეთებ. მახსოვს პირველი დღე, როგორ ამიხსნეს 10 სახეობის სენდვიჩი როგორ უნდა გამეკეთებინა, ისიც მასხოვს დღის ბოლოს ავტობუსში რომ ჩამეძინა და გავითიშე, შემდეგ მთელი ღამე რომ თეთრად გავათენე ფეხების ტკივილის გამო. პირველად ვიდექი 8 საათი ფეხზე… დედაჩემი სულ მეუბნებოდა, რომ თუ რამე საქმის დაწყებას ვაპირებდი აუცილებლად ის საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა და რაც მთავარია პირველი უნდა ვყოფილიყავი. ნეტავ იცოდეს დედამ რომ სენდვიჩებსაც პირველი ვაკეთებ და არ ვზარმაცობ, ნეტავ იცოდეს დედამ, რომ პირველი ერთი კვირა ყოველ დღე ვტიროდი ტკივილისგან და ვოცნებობდი ჩემს სამშობლოში დაბრუნებას. ნეტავ იცოდეს დედამ რომ ყველაფერი შეგუებაა და დასაწყისია რთული, შემდეგ ეჩვევი ყველანაირ ტკივილსა თუ სირთულეს. ნეტავ იცოდეს დედამ რომ მე აღარ ვარ სუსტი და გავიზარდე ჩემს სენდვიჩებთან ერთად.
დღეს 6 ზე დავიწყე, დათო მანქანაში დარჩა და 3 საათი დაიძინა, შემდეგ მანაც დაიწყო ჩემი გაკეთებული სენდვიჩების ლამაზად დალაგება. ალბათ მერე მე დაველოდები და ასე შევენაცვლებით ერთმანეთს, ჩვენს საყვერელ მანქანაში. ერთად დავბრუნდებით სახლში…
ჩვენი ფოტოები ჟურნალის გარეკანის ფოტოებს გავს, სადაც ყველაფერი იდეალური და ლამაზია. იქ არ ჩანს ჩემი დაჩეხელ-დასერილი თითები და დათოს ნატკენი ფეხები ამდენი სიარულისგან. იქ არაფერი ჩანს და არც ჩვენ ვაჩენთ. ვის რაში ჭირდება ჩვენი პრობლემები. ეს საფრანგეთია, აქ არ გპატიობენ სისუსტეს. აქ გადაგთელავენ თუ მიხვდნენ, რომ რაღაცით მათზე ნაკლები ხარ. დიდად არც საქართველოში ადარდებთ. მათთვის ჩვენ ხომ სამოთხეში ვცხოვრობთ. თუმცა შეიძლება მართლებიც არიან, მე ჩემი პატარა სამოთხე მაქვს, რომელიც სავსეა ბედნიერებით, მოგონებებითა და სიყვარულით. ჩვენ ჩვენი სამოთხე ავიშენეთ, მაგრამ არა ისეთი თქვენ რომ გგონიათ. დღეს ჩვენი სენდვიჩებით ნაშოვნი ფულით ცალკე გადავალთ. სახლს ვიქირავებთ ერთი წლით, უნივერსიტეტთან ახლოს. ხვალიდან სენდვიჩების სახლში გავიღვიძებთ და აუცილებლად ვეტყვი ჩემს თავს რომ მე ყველაზე მაგარი გოგო ვარ, რომ ეს მხოლოდ სტუდენტური წლებია და მალე გაივლის, რომ მე ყველაზე ბედნიერი ვარ რადგან მყავს დათო, რადგან ვსწავლობ საფრანგეთში და რადგან ჩემი გაკეთებული სენდვიჩები მსოფლიოში საუკეთესოა.
მარიამ ჩოლოყაშვილი საფრანგეთიდან

LEAVE A REPLY