“ეს ტკივილი რომ არ ყოფილიყო, ასეთი ძლიერი არ ვიქნებოდი”

0
249

 

“ძვირფასო რედაქცია, “თქვენთვის, ქალბატონებო” ჩემი საყვარელი რუბრიკაა. იმდენ საინტერესო ამბავს ვკითხულობ ხოლმე, რომ მეც მომინდა მომეწერა. ასეც მოვიქეცი. დანარჩენი – მკითხველმა განსაჯოს.
16 წლის ვიყავი, სკოლასვამთავრებდი, არავინ და არაფერი მომწონდა, მშობლები ნერვებს მიშლიდნენ, რადგან არაფერი მოსწონდათ ჩემი – არც ჩაცმის სტილი, არც მეგობრები, არც საქციელი. მათი დანახვაც არ მინდოდა, არც შინ გაჩერება. ერთ საღამოს ჩემმა უბნელმა გოგომ დამირეკა, ახლოს არ ვიცნობდი, ერთი-ორჯერ კაფეში შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს და ყავა დავლიეთ, სულ ეს იყო, მეტი მასთან არაფერი მაკავშირებდა, ამიტომ გამიკვირდა მისი ზარი, მაგრამ რომ შემომთავაზა, ქალაქგარეთ მივდივარ და წამოდიო, არც მიკითხავს, ვისთან და სად მივდიოდი, ისე დავთანხმდი. მშობლებისთვის არაფერი მითქვამს, ისე გამოვიხურე კარი და თავპირისმტვრევით გავიქეცი, რომ მშობლებს უკან არ დავებრუნებინე.

სამი ბიჭი და ორი გოგო ვიყავით. დიდი სახლი იყო, ლამაზი ეზოთი, პირველ სართულზე ბუხრიანი მისაღები ჰქონდათ, მეორე სართულზე საძინებლები და რაღაც წითელი ოთახი, რაზეც ბიჭები საუბრობდნენ და იცინოდნენ. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. მივუსხედით სუფრას.ძალიან მომეკიდა სასმელი, მაგრამ გონებაზე ვიყავი, გვერდით ერთი სიმპათიური ბიჭი მეჯდა, ბაჩო ერქვა, ჩემზე ათი წლით უფროსი იქნებოდა, მუხლზე ხელი დამადო. რაღაცნაირად შემრცხვა, გავფითრდი, ხელი გავაწევინე. ისიც დამემორჩილა. ცოტა ხანში მესამე სართულზე ავედით ბილიარდის სათამაშოდ. მე და ბაჩო მარტო დავრჩით. მახსოვს, რაღაც სასმისი მომაწოდა, ლუდის ქილას ჰგავდა და უცებ მაკოცა. ჩემდა უნებურად მეც ვაკოცე. მაშინ პირველად ვაკოცე ბიჭს. ლუდმა ძალიან მომადუნა, თავბრუ დამეხვა, ძალ-ღონეც გამომეცალა. ბაჩომ მითხრა, წამოდი, დაგაწვენ, მთვრალი ხარო.

ბუნდოვნად მახსოვს, სადღაც შემიყვანა. ისე ბნელოდა, თვალთან თითს ვერ მიიტანდი. მეხუტებოდა და მაისურს მხდიდა. წავილუღლუღე, ქალწული ვარ, არ შემეხო-მეთქი. მერე რა მოხდა, არ მახსოვს. შეიძლება რამე ერია იმ ლუდში, რამაც გონება დამიბინდა. დილით, თვალი რომ გავახილე, წითელ ოთახში, წითელ საწოლზე ვიწექი და მივხვდი, ეს სწორედ ის ოთახი იყო, რომელზეც წინა საღამოს ბიჭები ქირქილებდნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ თურმე, ვინც იმ ოთახში შეჰყავდათ, იქიდან ქალწული არავინ გამოსულა. ადგომისას ტკივილი ვიგრძენი მუცელთან და სისხლი რომ დავინახე, ვერც ვიტყვი და ვერც გადმოვცემ, რა დამემართა, საყვარელი, გულუბრყვილო ბავშვი ვიყავი და ქალწულობის დაკარგვა ჩემთვის თეთრ კაბასთან ასოცირდებოდა.

იმ დღის შემდეგ ძალიან შევიცვალე, დედას წელიწადზე მეტ­ხანს თვალებში ვერ ვუყურებდი. რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, დავწყნარდი, ოჯახის წევრებს აღარ ვეჩხუბებოდი, საკუთარ თავში ჩავიკეტე, მაგრამ ვხედავდი, რომ მშობლებს ასეთი უფრო მოვწონდი, მე კარგი შვილი გავხდი, დამჯერი და დამყოლი. ის დღე, ის წითელი ოთახი რომ მახსენდებოდა, საკუთარი თავი მძაგდა და ზოგჯერ თავის მოკვლის სურვილიც კი მიჩნდებოდა. ჩემს სულიერ მდგომარეობას ისიც ამძიმებდა, რომ უახლოეს მეგობარ ქეთისაც კი არ გავანდე საიდუმლო.
გავიდა დრო. ჭკვიანმა გოგომ, როგორც ჩემი მშობლები მეძახდნენ, უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა. მერე მეგობრების წრეში გავიცანი ბიჭი. ის 20 წლის იყო, მე კი 18-ის. ქეთის გავაცანი, მინდოდა, დაახლოებულიყვნენ. მაგრამ გივიკოს ქეთი არ მოსწონდა და ამაზე სულ ვკამათობდით.

ხანდახან ვამჩნევდი, ქეთი რაღაცნაირად, არცთუ მეგობრულად უყურებდა გივიკოს, ეჭვის ჭია გამიჩნდა, თუმცა არ მინდოდა დამეჯერებინა. ქეთის ძალიან უჭირდა, მხოლოდ ბებო ჰყავდა, ისიც სოფელში ცხოვრობდა და მე ვუმართავდი ხოლმე ხელს, სახლსაც კი ვულაგებდი, რადგან სულ არეული ჰქონდა.

ერთ საღამოს კურსელებთან ერთად კლუბში წავედი, ცოტა დავლიე და ამ დროს ქეთიმ მომწერა, – არ ჩამოხვალ ჩემთანო? ცოტა დავლიე და მირჩევნია, შინ მივიდე-მეთქი, ვუპასუხე და გავთიშე ტელეფონი.
კლუბიდან გამოსულს რატომღაც მაინც ქეთი გამახსენდა, ტაქსიში ჩავჯექი და წავედი, გზად მარკეტში შევიარე, სურსათ-სანოვაგე ვიყიდე და ქეთის კორპუსს მივადექი. ლიფტი არ მუშაობდა, მეშვიდე სართულზე რის ვაი-ვაგლა­ხით ავედი. კართან ჩუმად მივედი, მეგობრისთვის სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. კარს მიღმა რაღაც ხმები შემომესმა და გავიფიქრე, რა შტერი ვარ, ეტყობა, მეგობარი ბიჭის სახლში მიყვანა უნდოდა და ალბათ ამიტომ დამირეკა, დაადგინა, ვესტუმრებოდი თუ არა-მეთქი და მე სულელი კი მოულოდნელად თავს დავადექი.

ამ ფიქრებში ჩემი გასაღებით კარი გავაღე და ჩუმად შევიპარე გვერდზე ოთახში, გადავწყვიტე, დავლოდებოდი, სანამ შეყვარებულები ერთმანეთის ალერსით გულს იჯერებდნენ.
კარგა ხანს მომიწია ლოდინმა, თანაც ძალიან მაინტერესებდა, ქეთისთან ვინ იყო, ცოტა ბრაზიც მომერია, შეყვარებული თუ ჰყავდა, მე, საუკეთესო მეგობარს რატომ დამიმალა-მეთქი, ჩუმად წამოვდექი და იმ ოთახის კარი ოდნავ შევაღე. გაოცებამ და სიმწარემ ერთბაშად დამრია ხელი – საწოლში ჩემი შეყვარებული გივიკო, ჩემი პირველი სიყვარული და ქეთი იწვნენ. შევეცადე, რისხვა დამეოკებინა, გამოვტრიალდი, მერე აღარც მახსოვს, კიბეზე როგორ დავეშვი.

გივიკო ყვირილით მომდევდა, მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო.
ნახევარი წელი დეპრესია მქონდა. მერე ჩემი ცხოვრება თავდაყირა დავაყენე, ვსვამდი, ვერთობოდი, ხან ვისთან მეძინა, ხან – ვისთან… ეს დაახლოებით 3 წელი გაგრძელდა. 21 წლის რომ გავხდი, ცოტა სხვანაირად დავიწყე ფიქრი… ასეთმა ცხოვრებამ და ბევრმა ტკივილმა ძალიან გამზარდა. უკან რომ ვიხედებოდი, მრცხვენოდა ჩემი თავის, თან მეცოდებოდა. დავფიქრდი: ოდესმე ხომ მეყოლება ქმარი და შვილები და ასეთი დედა და ცოლი არავის ენდომება-მეთქი. ვერ ვიტყვი, როგორ შემცვალა ამ ცხოვრებამ. ვისწავლე ავ-კარგის გარჩევა, ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო, მიხარია, რომ არ გავბოროტდი, პირიქით, ადამიანების სიყვარული და მიტევება ვისწავლე.
ახლა 25 წლის ვარ. უმაღლესი დავამთავრე, ვეძებ სამსახურს. გაგიკვირდებათ და, საოცრად ოპტიმისტი ვარ, არაფერს ვნანობ, რადგან ტყუილუბრალოდ არაფერი ხდება ქვეყანაზე. ეს განვლილი წლები და ტკივილი რომ არ ყოფილიყო, ასეთი ძლიერი არ ვიქნებოდი. ალბათ გაინტერესებთ, როგორ წარიმართა ქეთის და გივიკოს ცხოვრება. შეუღლდნენ, ორი შვილი ჰყავთ, არ ვიცი, ბედნიერები არიან თუ არა, მაგრამ ერთი რამ ხომ ცხადია, ერთად არიან. ანა ა.”

ნანა ჩარკვიანი

 

LEAVE A REPLY